საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა - ევროკავშირი

31.08.21 19:24
საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა - ევროკავშირი

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო  მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.ამის შესახებ ევროკავშირის საელჩოს ოფისში ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა ბრიფინგი გამართა.  

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

"150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომლის ნახევარი გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა მოსახლეობის დახმარებას პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. 

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს დასაბუთებას გადაწყვეტილებაზე, რომ არ მოითხოვოს დახმარების დარჩენილი ნაწილი. ავღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის

შერჩევის პროცესში არ იყო თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.

მაკროფინანსური დახმარების პირობები, ასევე იმ ვალდებულებებს შორის იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტით აიღეს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე".

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება თავს შეიკავებს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.