საკითხი ფულს არ ეხება, მთავრობა უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე - კუბილიუსი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. სპეციალურად "პირველებისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტართან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა, ანი ჩხიკვაძემ, ჩაწერა. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ დახმარებაზე უარის თქმით საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ვალდებულებების შესრულებაზე.
ეს საქართველოს მთავრობის დიდი შეცდომაა, საკითხი ფულს არ უკავშირდება. ეჭვი მეპარებოდა, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა ევროკავშირიდან 75 მილიონის დახმარება, საკითხი უფრო დიდ პრობლემას უკავშირდება - საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს, შეასრულოს ის პირობები, რაც ევროკავშირის მხრიდან ამ დახმარებას თან ერთვის. ეს პირობები ძალიან ნათელია, ეს შეეხება ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სასამართლო სისტემა ევროპულ ქვეყნებში, როგორ გამჭირვალედ უნდა ხდებოდეს მოსამართლეების დანიშვნა, როგორ უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის ძალიან საბაზისო ევროპული ღირებულებებით მოქმედება", - ამბობს კუბილიუსი.
კუბილიუსმა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
აქამდეც საქართველო არ აღიქმებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების მხრიდან როგორც მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, ახლა ამ ნაბიჯით საქართველო კიდევ უფრო უკან იხევს", - აღნიშნავს კუბილიუსი.