არაადეკვატური და რეალობას მოკლებულია - იურისტები ღარიბაშვილის განცხადებაზე
არაადეკვატური და რელობას მოკლებული - ასე აფასებენ ღარიბაშვილის განცხადებას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ პრემიერის ქმედების შემდეგ ევროკავშირის სანქციებს ელოდებიან. იურისტებს კითხვები აქვთ ღარიბაშვილთან, თუ ასეთი კარგი და მიუკერძებელი სასამართლო სისტემა გვაქვს, მაშინ რატომ სჭირდება მას რეფორმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, აცხადებს, პრემიერმა იცრუა და არ არსებობს კვლევა, რომელიც საქართველოსა და ევროპის სასამართლო სისტემებს შეადარებდა.
ასეთი კვლევა არ არსებობს, სადაც საქართველოს და ევროპის სასამართლო სისტემა შედარებული იქნება. დღეს საკმაოდ მძიმე ვითარებაა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაში. ამას სჭირდება აღიარება ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლო არის მართული კლანის მხრიდან და რომ აქ დემოკრატიული პრინციპები არ არის დაცული. - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იურისტი და თბილისის მერობის კანდიდატი,ანა დოლიძე, ხელისუფლების ბოლო ქმედების საპასუხოდ ევროკავშირისგან მკაცრ სანქციებს ელოდება.
ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები, განსაკუთრებით ევროკავშირთან და სასამართლოსთან მიმართებაში, არის ნიშანი, რომ იხურება ჩვენი კარი ევროპასთან, იხურება ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირთან მიმართებაში. სავარაუდოდ, ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება აპირებს, კიდევ უფრო დაკეტოს ქვეყანა და მართოს ავტორიტარული მეთოდებით. შესაბამისად, იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მმართველი პოლიტიკური ელიტის მიმართ სერიოზულ სანქციებს მიიღებენ ამის შემდეგ. - ამბობს ანა დოლიძე.
საქართველოს პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის ქვეყნებს ბევრად უსწრებს წინ.