ვადამდელი არჩევნები არათუ იქნება, აუცილებლად იქნება - ნიკა მელია

02.09.21 11:46
ვადამდელი არჩევნები არათუ იქნება, აუცილებლად იქნება - ნიკა მელია

დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები რომ იქნება, ეს ყველაზე მეტად "ქართულმა ოცნებამ" იცის: 

ვადამდელი არჩევნები არათუ იქნება, აუცილებლად იქნება. ეს ყველაზე კარგად ესმის "ქართულ ოცნებას", თუ ვინმეს ეჭვი არ ეპარება, არ ეპარება "ქართულ ოცებას" და ბიძინა ივანიშვილის, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება მათი ნების წინააღმდეგ იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი გადაწყდება"- განაცხადა ენმ-ს მერობის კანდიდატმა. 

რაც შეეხება დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას, მელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უტოვებენ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, "3 ოქტომბრის დილით რაიმე ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ და თქვან, რომ არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს".

მისივე თქმით, ოპოზიციამ არ უნდა მისცეს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხს, იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ:

ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე და მეორასე ხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არცკი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს“, - განაცხადა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება.

ამას უკვე ღიად საუბრობენ, ჰყოფნით კადნიერება „ქართულ ოცნებაში“ მაღალი თანამდებობის პირებს და საუბრობენ, რომ თურმე ევროკავშირს სურს „სახელოვანი“ ქართული სასამართლო სისტემის განადგურება.

ისინი არ თვლიან მიიღონ დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ისინი არ ერიდებიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ მას საკუთარ თავს მიხედონ. ისინი აკრიტიკებენ პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარს და ეუბნებიან - „თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები“.

ერთი მხრივ, აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია ანუ ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ კონკრეტულ განცხადებებს, რითაც გვაყენებენ იმ რეალობის წინაშე, სადაც სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს"- თქვა ნიკა მელიამ.