საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ - ვაიმარის სამკუთხედი
საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპელი პოლიტიკოსები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროკავშრითან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, სინანულს გამოხატავენ.
ამასთან, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, განმუხტოს დაძაბულობა და როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციურ სპექტრთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას.
"ივანიშვილის გუნდის" მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხი საგარეო საქმეთა მომავალი საბჭოს ყურადღების ცენტრში იქნება.
ჩვენ, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სინანულს გამოვხატავთ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და უარი თქვას კავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება. აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ“, - აცხადებენ მინისტრები.
საყურადღებოა, რომ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.
ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.