,,ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა - ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი მარნეულში
,,ქართული ოცნება" კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი ახლა უკვე მარნეულში დაფიქსირდა. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ხახულაშვილი, გზის დაგების სანაცვლოს მოსახლეობას ხმებს სთხოვს.
ვიდეომასალაში, რომელიც დღეს ,,ევროპული საქართველოს" წევრმა, აჰმედ იმამყულიევმა, გაავრცელა, კარგად ისმის ,,ოცნების" შტაბის წევრის, ილჰამ ნაბიევის ხმა, რომელიც ხალხს მოუწოდებს ვასილ ხახულაშვილის მხარდაჭერისკენ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ,,ევროპული საქართველოს" წევრმა, აჰმედ იმამყულიევმა. მისი განმარტებით, ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვა და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ეს პიროვნება არის ,,ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ხახულაშვილი, რომელიც არის დაკავებული მოსახლეობის მოსყიდვით. ეს ხდება ჯანდარის დასახლებაში, სადაც პიროვნება დადის კამერით და ამბობს, გზა კეთდება ვასილ ხახულაშვილის სახსრებით. ჯერ არ გამხდარა დეპუტატი და ამდენს აკეთებს, მერე რას იზამს, ამბობს პიროვნება. ანუ ეს არის ღიად, პირდაპირ მოსყიდვა - აცხადებს იმამყულიევი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ,,ოცნება" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვას ახდენს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსახლეობის მოსყიდვა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა.