პარადოქსია ერთი ხელით EU-ს სესხზე უარი და მეორე მხრივ, პროექტებით აპელირება -სალომე ზურაბიშვილი

02.09.21 18:53
პარადოქსია ერთი ხელით EU-ს სესხზე უარი და მეორე მხრივ, პროექტებით აპელირება -სალომე ზურაბიშვილი

ევროპულ დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელი ასახსნელია - საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უპირისპირდება და აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილის თვალსაზრისით, ევროპულ სესხზე უარის თქმასთან ერთად ,,ქართული ოცნების" მხრიდან მიშელის დოკუმენტის მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება ქვეყნის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება და სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური, თუ შიდა პოლიტიკური კრიზისის გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.  ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რაიმე მიზეზით ევროკავშირის მიმართ ინტერესების შესუსტება ხელს აძლევთ იმ შიდა და გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ ქვეყნის დეესტაბილიზაცია. 

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდიდ ნაწილისთვის და პირადაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რის შემცირებასაც ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი სესხი.

გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, თუ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ 2 ციფრიანი ეკონომიკური ზრდის შედეგი მოსახლეობაზე არ აისახება, ევროპულ დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელი ასახსნელია. პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპულ დახმარებაზე უარიის თქმა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, რომელიც დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. 

ეკონომიკური შედეგები ამ სესხის აღება-არაღებით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. 

მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, მაგრამ სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე. საჭიროა სიფრთხილე, რომ ასეთმა გადაწყვეტილებებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. - განაცხადა საქართველსო პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ,,ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნორობას ალტერნატივა არ გააჩნია".