მივესალმებით ,,ენმ"-ს გადაწყვეტილებას - ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონორი
მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, - ამის შესახებ კონგრესმენები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონორი, საერთო განცხადებაში წერენ. კონგრესმენების თქმით, დოკუმენტი კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს წარმოადგენს და მისი მხარდაჭერა ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შეთანხმება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს და ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირონ წინსვლის საერთო გზას, - წერია საერთო განცხადებაში.