"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა - ნოდარ მელაძე

08.12.24 11:32
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.  მისი თქმით, ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ისინი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ახლა ხელისუფლება თავისუფალი მედიის გაჩმებას ცემით და ტერორით ცდილობს.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ დღეს სწორედ ხელისუფლებამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ივანიშვილის პოლიციამ გამოაგზავნა ეს დაჯგუფებები სანადიროდ ადამიანებზე. ეს იყო ჟურნალისტზე თავდასხმა, იმიტომ, რომ ის იყო ჟურნალისტი და მაკა ჩიხლაძე სცემეს განსაკუთრებული სისასტიკით და  ჩვენი ოპერატორი იმ პროფესიული საქმიანობის გამო, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ეს არ ყოფილა ე.წ. ტიტუშკების ჯგუფი, ეს იყო კარგად მომზადებული ჯგუფი, მინიმუმ, მეთაური, რომელიც ძალიან ცხადად ჩანს, რომ არიანს სპეცმომზადება გავლილი ადმაიანები, ხელისუფლება ასე ცემით, ტერორით ცდილობს, გააჩუმოს თავისუფალი მედია. ვინც დღეს ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება 2015, 16, 17 ან 18-ში ამ სისასტიკეებს ვერ ბედავდა. ამ ყველაფერს ახლა ბედავს იმიტომ, რომ მათ სამსახურში დგას პროპაგანდისტების ერთი ჯგუფი, რომელიც მზად არის, ხელისუფლების ყველა საქციელი გაამართლოს. ეს მთავარი უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს. ხელისუფლება მზად არის, მოკლას ჟურნალისტები, ბეწვზეა გადარჩენილი ორივე, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ამბობს ნოდარ მელაძე. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.