მოძალადეებმა ზუბალაშვილების ქუჩა ნიღბების გარეშე ჩაიარეს, თუ უნდათ დადგენა ვინ არიან, კამერების ჩანაწერები ამოიღონ - მაკა ჩიხლაძე
"ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე, რომელზეც გუშინ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა, ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებები მოძალადე ნიღბიანების იდენტიფიცირებას მარტივად შეძლებენ. მისი თქმით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მოძალადე დაჯგუფებამ ზუბალაშვილების ქუჩა ნიღბების გარეშე ჩაიარა, ამ ქუჩაზე კი უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ ის ძალადობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დაშინებას ემსახურება და ამაში სწორედ შს მინისტრის ხელი ურევია.
ეს ადამიანები, ვიდრე მოვიდოდნენ გრიბოედოვამდე, სადაც მოხდა ეს ამბავი, ზუბალაშვილების ქუჩა ჩამოიარეს ნიღბების გარეშე. ანუ თუ უნდათ დადგენა ვინ არიან, პირველ რიგში, კამერები უნდა ამოიღონ. ჩემი მონათხრობის ჩაწერა რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ტელეეთერებშიც მოვყევი მე მაშინვე რაც მოხდა. ეს არ არის სასწრაფო. სასწრაფო არის კამერების ამოღება. რავიცი, რამდენი საათი გავიდა, ამოიღო ვინმემ? ვინმე რამე გააკეთა? ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. მაწუხებს, რომ ჩემი ოჯახი, ჩემი შილები აქ ცხოვრობენ, სადაც პოლიცია არ არსებობს, სადაც არ შეიძლება, გქონდეს ფორმიანი ადამიანის იმედი, რომელსაც მიაკითხავ და ეტყვი, რომ ნახე, აქ მირტყამენ, აქ ვიღაცას დანაშაულს ჩადის და მოდი, დამეხმარე. ყველამ ხომ ვიცით, რატომაც ხდება ეს? რომ შეეშინდეთ ადამიანებს, აქციაზე აღარ მივიდნენ, ამიტომ ხვდებიან ბნელ კუთხეებში, რომ მეორედ იქ მისვლის სურვილი არ გაუჩნდეს და ამას, ყველაფერს, ხელს უწყობს ადამიანი, რომელსაც შს მინისტრი ჰქვია, ოღონდ არ არის, იმიტომ, რომ ის, რაც მათ პოლიციას უქნეს და რაც ვახტანგ გომელაურმა გაუკეთა პოლიციას, ეს არ არის შს მინისტრობა. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.