"ოცნებამ" ნაცემი ჟურნალისტების საქმის ჩაფარცხვა დაიწყო - საქმეში ტროლ-ბოტები ჩაერთნენ
"ქართულმა ოცნებამ" ნაცემი ჟურნალისტების საქმის ჩაფარცხვა დაიწყო. მმართველი გუნდის კაპიტნები დილიდან ამტკიცებენ, რომ შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტს და ოპერატორს აქციის მონაწილეები გაუსწორდნენ. ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ერთ -ერთი სანდრო ქინქლაძეა. არადა, სამოქალაქო აქტივისტი რეჟიმის პოლიციამ იქამდე დააკავა, ვიდრე თავდასხმა მოხდებოდა. ახლა მთელი სამთავრობო პროპაგანდა 18 წლის ბიჭის დისკრედიტაციითაა დაკავებული.
საქმეში ტროლ-ბოტები ჩაერთნენ. ადვოკატი ლექსო კობაიძე, "კაპიტანი ლექსო", რომელიც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, სოც ქსელში წერს, რომ თავდასხმაში სწორედ აქტივისტი სანდრო ქინქლაძე მონაწილეობდა.
ქინქლაძის ადვოკატი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს. მისი თქმით, სანდროს დაკავებისას აიძულებდნენ, დაესახელებინა ლიდერები, რომლებიც, მათი მტკიცებით, აქციას აორგანიზებდნენ.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.