მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა - ვალერი გელაშვილი

03.09.21 13:34
მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა - ვალერი გელაშვილი

მივიღე გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა - ამის შესახებ ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. გელაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების" გარდა, არ არსებობს სხვა ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველჰყოფს.

დღეს მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ვალერი გელაშვილი 2012 წლიდან იყო ბლოკ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" წევრი, 2020 წლის  11 დეკემბერს კი პარტია დატოვა.