აქციის მონაწილეებს კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იბარებენ
კრიმინალური პოლიცია მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებს - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოწმის სახით გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს: ანა სუბელიანი, მაკუნა გოჩიაშვილი, მარიამ კვარაცხელია, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა.
ყველა მათგანს აცნობეს, რომ კითხვები აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვთ.
გამოკითვაზე პოლიციაში მისვლას არც ერთი მათგანი არ აპირებს. ისინი თანახმა არიან, ჩვენება მისცენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
„როცა დამირეკა გამომძიებელმა, 225-ე მუხლი ახსენა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მითხრა, მოწმის სტატუსით გიბარებთო. ჩავეკითხე, რომელ შემთხვევას გულისხმობდა – ნიღბოსნები რომ ძალადობდნენ მოქალაქეებზე? – მაგას, რომ მოხვალთ, მერე გეტყვითო. ჩავეკითხე, კონკრეტულად, რომელ დღეს გულისხმობდა. პასუხი – იგივე. შემდეგ დავემშვიდობე და დავპოსტე, რომ რეკომენდაციები მიმეღო” - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.