"ჩემს ცოლს დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში - "დაიტოვეს" ადმინი მუქარაზე საუბრობს

08.12.24 22:55
"ჩემს ცოლს დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში - "დაიტოვეს" ადმინი მუქარაზე საუბრობს

ფეისბუქჯგუფის "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი ამბობს, რომ მას ე.წ. ძველი ბიჭები ემუქრებიან, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილემ "ტვ პირველს" განუცხადა, მის მობილურ ტელეფონის ნომერზე, აგრესიულმა მოქალაქემ დარეკა, ზარს მისმა მეუღლემ უპასუხა, მუქარის ავტორმა კი უთხრა, რომ "ძვლებში დამტვრეულს ამოუტანენ სახლში". 

"რადგან ტელეფონი წამართვეს, ჩემი ელექტრონული სიმ-ბარათი ჩემი მეუღლის ტელეფონში გადავიტანე. რამდენიმე წუთის წინ, ვიღაც მოძველბიჭო ადამიანმა დარეკა, ყველაფერი გვაგინა და უთხრა, ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში. იმუქრებოდა, რომ კოჭებს დამიხვრეტდნენ"- აცხადებს ღლონტი. 

მისი თქმით, ზარი ქართული ნომრიდან განხორციელდა. ფეისბუქჯგუფის "დაიტოვეს" ადმინი მეუღლეზე დაყრდნობით ამბობს, რომ მუქარის ავტორი ამბობდა, რომ ღლონტმა "მთაწმინდა აუწიოკა და ამის გამო დაისჯებოდა".

მიუხედავად იმისა, რომ ღლონტს საგამოზიებო სტრუქტურების ობიექტიურობის არ სჯერა, ის "ტვ პირველს" ეუბნება, რომ აპირებს შესაბამის უწყებას მიმართოს. 

ღლონტი მომხდარს დაშინებას უკავშირებს და ამბობს, რომ მას "ოცნების" ტიტუშკების არ ეშინია.