რა ადამიანები ხართ, ახალგაზრდების სისხლით შეღებილი ფეხსაცმლით ოჯახში როგორ შედიხართ, შვილებს როგორ ეფერებით? - სანდრო ქინქლაძის დედის ემოციური მიმართვა "ოცნებას"

09.12.24 01:08
რა ადამიანები ხართ, ახალგაზრდების სისხლით შეღებილი ფეხსაცმლით ოჯახში როგორ შედიხართ, შვილებს როგორ ეფერებით? - სანდრო ქინქლაძის დედის ემოციური მიმართვა "ოცნებას"

"სახელმწიფომ გუშინ კიდევ ერთხელ მომკლა" - ამის შესახებ 18 წლის აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის დედა, ნატო სალაყაია "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს. 

აფხაზეთიდან დევნილი ქალი აღნიშნავს, რომ მას ნათესავები ოკუპირებულ აფხაზეთში მოუკლეს და ერთადერთი შვილი დარჩა, რომელზეც 5-მა პოლიციელმა დაკავებისას იძალადა. 

"აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ძალიან დიდი გაჭირვება, ტრაგედია გადავიტანე. აფხაზეთში მომიკლეს და, რომელიც ვერ დავიტირე. ოკუპირებულ რეგიონში ახლახან ძმა გარდამეცვალა, (რომელიც ასევე ვერ დავიტირე). დიახ, ზუსტად რუსული რეჟიმის გამო. უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე კიდევ ერთი და, რომელიც ასევე ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდა.  ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც ასე მოექცნენ! ახალგაზრდებს გააზრებულად უნდათ ევროპა, შენ კი, როცა სახელმწიფო ხარ, ხელი კი არ უნდა შეუშალო, პირიქით, უნდა დაიცვა მათი ინტერესი, მათი თავისუფლება! 

რომელი ერთია, იქ, იმ აქციაზე გადატრიალების მომწყობი?! - სად ნახეთ მსგავსი მოწოდება. დღეს რასაც ხელისუფლება სჩადის, რა მეთოდითაც სჯის ამ ახალგაზრდებს არსად არ მინახავს. 

როგორ შეიძლება, ადამიანის თავით ბურთი ითამაშო? - ასე ხომ ოკუპანტები იქცეოდნენ გაგრაში საომარი მოქმედებების დროს. როცა, ქართველი-ქართველის თავს, როგორც ბურთი ისე ითამაშებს, რას გვეტყვის აფხაზი?!

ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რას სჩადიან? - ასეთი ომონი რუსეთშიც არ იქნება! როგორ, რა სინდისით აპირებთ საქართველოში ცხოვრებას?! 
მე 12 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ვიყავი, 3-ჯერ მივეცი ამ პარტიას ხმა. ჩემი შვილი, სანდრო ქინქლაძე, "ოცნების" პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა არ გეგონოთ, რომ ის "ნაციონალია". ეს ბავშვები "ნაციონალები არ არიან". ამ ბავშვებს თავისი აზრი და კრედო აქვთ"- ამბობს დაკავებული აქტივისტის დედა. 

ნატო სალაყაია ამბობს, რომ მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ რუსთაველზე მყოფი, თავისუფლების მოდარაჯე ბავშვებს გადაუარა და დაასახიჩრა. 

"არ არსებობს მექანიზმი, რითაც ხელისუფლება ახალგაზრდების დაშინებას შეძლებს. ამ მუხტს ვერ ჩააქრობთ! ჩემი კეთილი რჩევა "ოცნებისთვის" ასეთია: როცა შენს წინააღმდეგ, ამდენმა ადამიანმა ხმა აიმაღლა, აქციებია დედაქალაქსა და რეგიონებში, კეთილი ინებე, დაიხურე ქუდი და წადი! კობახიძე შვილივით მიყვარდა, ტელევიზორის ეკრანიდან ვეფერებოდი, ეს ვინ ყოფილა?!"- დასძენს დაკავებულის დედა. 

"ქართული ოცნების" ყოფილი ამომრცეველი, რომელსაც შვილი დაუჭირეს, შს სამინისტროს იმ თანამშრომლებს მიმართავს, რომლებიც სასტიკ დანაშაულში და ანგარიშსწორებაში არაერთმა მედიამ და მოქალაქემ ამხილა. 

ვინ ხართ, რა ჯიშის ხალხი ხართ?!  მე ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, პატივს ვცემ იმ პოლიციელს, რომელიც სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურება. ნაცემი აქტივისტების სისხლით შეღებილი ფეხსაცმლით, სახლში როგორ შედიხართ, როგორ ეფერებით შვილს, დედას, დას... უპატრონოები ხართ? რა ადამიანები ხართ თქვენ!"- თქვა სანდრო ქინქლაძის დედამ.