დადასტურდა, რომ ბრალდებები ჩემი მისამართით უმძიმესი ცილისწამება იყო - კეზერაშვილის თქმით, BBC-იმ მის შესახებ მასალები წაშალა

09.12.24 13:52
დადასტურდა, რომ ბრალდებები ჩემი მისამართით უმძიმესი ცილისწამება იყო - კეზერაშვილის თქმით, BBC-იმ მის შესახებ მასალები წაშალა

ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დაადასტურა, რომ  გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით, - ამის შესახებ "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მისი მხრიდან უკანონო შემოსავლებით სარგებლბას ადგილი არ ჰქონია.

კეზარაშვილი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ყველა მსგავსი კამპანია სასამართლომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად და პოლიტიკურ დევნად შეაფასა. 

ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით. 

BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.  
BBC ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა, ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად. ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს. 

 

"ქართული ოცნების" ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).
 

მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო, - წერს კეზერაშვილი.

2023 წლის 12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემამ ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა. 

ფორმულას დამფუძნებელმა BBC-ის მიერ გავრცელებული ბრალდებები უარყო - 12 აპრილს კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, მან  BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

2024 წლის 18 მარტს BBC-მ თავის საგამოძიებო ფილმ "The Billioner Dollar Scam-ს" დაურთო შენიშვნა, რომ მასალის შინაარსთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილი სასამართლოში დავობს და ცილისწამებად მიიჩნევს.