75 მილიონი ევრო არ წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას - პრემიერი

03.09.21 15:14
75 მილიონი ევრო არ წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის დახმარება, 75 მილიონი ევრო, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საჭიროებას არ წარმოადგენდა. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან საქართველოს გაცილებით მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა აქვს, ვიდრე ეს კონკრეტული ფულადი დახმარება იყო.

ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც და ჩემმა კოლეგებმაც არა ერთხელ გავნმატრეთ, პირველი, ის, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა აღებაც არ შექმნის რაიმე პრობლემას. მეორე, ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული, პოლიტიკური დატვირთვა, მითუმეტეს საარჩევნო კამპანიის დროს, თქვენ ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით და მესამე, სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებით როდესაც ჩვენ ვკონცენტრირდებით და ურთიერთობას ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული სესხი. 75 მილიონი ევრო არ წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას, - განაცხადა ღარიბაშვილმა.