ჩხრეკა და დაკავებების სერია თბილისში - რა მოხდა „მაკდონალდსთან“, „სტამბასთან“ და ჭავჭავაძეზე

10.12.24 03:56
ჩხრეკა და დაკავებების სერია თბილისში - რა მოხდა „მაკდონალდსთან“, „სტამბასთან“ და ჭავჭავაძეზე

 

 

დაკავებების სერია თბილისში - 01:30-01:45 საათის შუალედში პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, კიდევ, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავა.

რა მოხდა „მაკდონალდსთან“?

პოლიციელებმა აქციიდან წამოსული ახალგაზრდები გაჩხრიკეს, მათან ერთი,  25 წლის ბიჭი ჩასვეს შავი ფერის ავტომობილში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავების კადრები "კოალიცია ცვლილებებისთვის" პრესსამსახურმა,  მირანდა ბაღათურიამ გადაიღო. 

მისი თქმით, „ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ, ჩხრეკაც ნორმალურად არ ჩაუტარებიათ"

„ამბობენ, რომ მიმდინარეობს ჩხრეკა. იქცეოდნენ უხეშად, თავდაპირველად ვცდილობდი, ვიდეო გადამეღო, მაგრამ მითხრეს, რომ ტელეფონს წამართმევდნენ“, - ამბობს ბაღათურია.

რა მოხდა „სტამბასთან“

ჩხრეკა მიმდინარეობდა „სტამბასთანაც“ - როცა ფაქტის გადაღება მეგობარმა გოგოებმა დაიწყეს, მათ პოლიციელებმა ტელეფონი წაართვეს.

„მივედით, ვიდეოს ვუღებდით და ერთ-ერთ გოგოს ხელიდან გამოჰგლიჯეს ტელეფონი. დაკავებას უპირებდნენ. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს“, - წერს ჯგუფ „დაიტოვეში“ ქეთი პერანიძე. 

რა მოხდა ჭავჭავაძეზე?

ბიზნესცენტრის „პიქსელის“ მიმდებარედ, მოქალაქე თორნიკე მსხილაძე და მისი მეგობარი აიყვანეს.

ირკვევა, რომ მსხილაძე ავტომობილით გადაადგილდებოდა, პოლიციელებმა მას გაჩერება და მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. 

ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხმაურს - პოლციელი მოქალაქეს "ფეისბუქ ლაივის" გათშვას სთხოვდა. 

საბოლოოს მსხილაძე და მისი მეგობარი დააკავეს.