პოლიტიკური დევნა, პოლიციის სისასტიკე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ - ევროსაბჭოს უმწვავესი განცხადება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება - ოფიციალური განცხადების თანახმად, მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს.
შეშფოთების საგანია პოლიციის მიერ ოპოზიციის ოფისების დარბევაც.
"დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადეს კერნმა და ესტრელამ.
გამომსვლელებმა დაგმეს პოლიციის სისასტიკე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ.
"არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციის ძალადობისთვის და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი ვალდებულებების შესაბამისად", - აცხადებენ მომხსენებლები.
მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში ფაქტების დადგენის მიზნით ჩავლენ.