ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისთვის პოსტ-საბჭოთა ჩიხად აქცია - დათუნაშვილი

11.12.24 11:55
ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისთვის პოსტ-საბჭოთა ჩიხად აქცია - დათუნაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ საქართველო ივანიშვილმა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია. გაუარესებულ ეკომონიკურ ვითარებასა და ინვესტიციების მნიშვნელოვან შემცირებაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.

პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ აღარცერთი თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარც იხედება, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევს. 

საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე დამდგარი ფაქტია. "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა უკვე აქცია საერთაშორისო ბიზნესისათვის პოსტ-საბჭოთა ჩიხად. 

2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

ინვესტირების უმსხვილესი წილი საქართველოში არსებული კომპანიების რეინვესტირებაზე მოდის. ნულოვანია ზრდა ინდუსტრიულ და ახალი ტექნოლოგიების სექტორში. რეინვესტირებაც ძირითადად ე.წ. ქომოდითი სერვისების და აზარტული თამაშების კომპანიებზე მოდის. აღარცერთი თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარც იხედება, რადგან ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად, რომელშიც ჩვენი ყველა მაკროეკონომიკული მაჩვენებელი დღეს დგას რუსეთის სანქციების გვერდის ავლის მომსახურებაზე და ჩრდილოვან ეკონომიკაზე. ამ ტენდენციის გაგრძელებას ვხედავთ მეოთხე კვარტალშიც და მოლოდინები მეოთხე კვარტლისათვის არის სავალალო. 
ამ ტენდენციის გაგრძელება, პირდაპირ გამოიწვევს ლარის მკვეთრ გაუფასურებას და ფასების ზრდას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც არც ისე კარგი ამბავია ამ წინასაახალწლო პერიოდისათვის, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.