მაკრონმა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა - საუბრის შინაარსი ცნობილია
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რაზე ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
განცხადების თანახმად, მაკრონმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების დაშინება და ასევე აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა დაგმო. ასევე, მოუწოდა ივანიშვილს, ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი გაათავისუფლოს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლიგარქთან საუბრისას მწუხარება გამოხატა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო და ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა.
თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს.
მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება.
ის გამოვიდა მოწოდებით, ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ მაკრონსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.