საგამოძიებო სამსახურში საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორები გამოიკითხნენ
გამოკითხვების სერია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში - გამომძიებლების კითხვებს საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორებმა, ირაკლი გედენიძემ და მირიან მელაძემ უპასუხეს.
ირაკლი გედენიძე ამბობს, რომ გამომძიებელს 30 ნოემბერს მომხდარ ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„გამომძიებელს აინტერესებდა, რა მოხდა იმ მომენტში, ავუხსენი ყველაფერი. ასევე მკითხეს, მქონდა თუ არა მიღებული რაიმე სერიოზული დაზიანება. უბრალოდ ნახევარი საათის მანძილზე ფეხს ვერ ვგრძნობდი და ამან გამოიწვია ზუსტად ჩემი გადავარდნა გაზონიდან. ექსპერტიზის საჭიროება არ არის. პრობლემა იყო დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ჯგუფსაც ავუხსენი, რომ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ იყო და გავაგრძელე მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა პირველი არხის ფოტოგრაფი მირიან მელაძე, რომელიც ასევე აქციის გაშუქებისას დაშავდა.
ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოკითხვა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი. დეტალურად აინტერესებდათ, რა ვითარებაში მოხდა ჩემი დაზიანება. მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მივაწოდე. შემომთავაზეს ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც დავთანხმდი, რათა გაირკვეს, რით მივიღე დაზიანება"- თქვა მირიან მელაძემ.