პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ოპოზიციის მაკონსოლიდირებელი ფიგურა - ბოკუჩავა

12.12.24 15:24
პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ოპოზიციის მაკონსოლიდირებელი ფიგურა - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ე.წ. პარლამენტის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია. 

"ის არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, შესაბამისად ამ პარლამენტის მიერ ასარჩევ დე ფაქტო პრეზიდენტს" - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც მისივე განმარტებით, უნდა გადაწყვიტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება თუ არა ოპოზიციური სპექტრის მაკონსოლიდირებელი ფიგურა.

პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მისი პოზიციაა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისიც ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი, არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, შესაბამისად არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ფორმირებულ დე ფაქტო პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტს.

ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად. რა როლს შეითავსებს ის მას შემდეგ, რაც მოხდება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, გახდება თუ არა ის, მათ შორის, მაკონსოლიდირებელი ფიგურა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს ბუნებრივია თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

სამი პოლიტიკური გაერთიანების - კოალიცია "ცვლილებებისთვის", კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დახურულ კარს მიღმა აუდიენცია დასრულდა

შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კუპრაძემ სამი ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი განცხადება გააჟღერა. ხელისუფლების ოპონენტები "ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში 14 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ".

ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები მკაფიოდ აცხადებენ, რომ "არალეგიტიმურ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება არ გააჩნია, რის გამოც ქვეყნის მთავარსარდლად კვლავ სალომე ზურაბიშვილი რჩება". 

მსგავსი სიახლეები