ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიმეოროს არჩევნები იმ სტანდარტებით, რომლებსაც ჩვენ EU-ში პატივს ვცემთ - შტერბა
საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია გამართეს - შეხვედრიდან გამოსულმა მიხალ შტერბამ მედიასთან განაცხადა, რომ EU "ქართული ოცნებისგან" ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
"ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი" - ამბობს მიხალ შტერბა.
ორბელიანების სასახლეში მყოფმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი ავტორიტეტი სახელმწიფოში, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს.
ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ქუჩებში, არამარტო თბილისის, არამედ სხვა ქალაქებშიც პროტესტს გამოხატავენ, იმიტომ, რომ მათ სურთ საქართველოს მომავალი ევროკავშირში.
საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიმეოროს ეს არჩევნები გარკვეული პირობებით და იმ სტანდარტებით, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირში.
მეორე ის არის, რომ პრეზიდენტი არის ერთადერთი ავტორიტეტი სახელმწიფოში, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან, რომ ეს ქართული გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდეს", - განაცხადა მიხალ შტერბამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ოპოზიციურ სპექტრს და სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. ისინი შეხვედრას ასევე გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი