მამუკა ხაზარაძე: ერთადერთი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს - ჩვენი ვალია, რომ ეს ინსტიტუცია დავიცვათ

13.12.24 01:40
მამუკა ხაზარაძე: ერთადერთი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს - ჩვენი ვალია, რომ ეს ინსტიტუცია დავიცვათ

"ერთადერთი ლეგიტიმაცია ქვეყანაში აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენი ვალია, რომ ეს ინსტიტუცია დაცული იყოს"- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქვეყანაში მოქმედი პრეზიდენტის სახით, ერთადერთი ხიდი დარჩა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები გარე სამყაროს ესაუბრებიან. 

"რეალობა არის შემდეგი - ჩვენ გვყავს ერთი ლეგიტიმური ორგანო, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური სპექტრი მთლიანად არის მის გარშემო ამ პროცესში"- დასძინა "ძლიერი საქართველოს"  ლიდერმა. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა მოხდება 14 დეკემბრის შემდეგ, როცა არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დატოვებს თუ არა ორბელიანის სასახლეს, ხაზარაძე ამბობს: "ორბელიანების სასახლე ხომ არ განსაზღვრავს სტატუსს?!". 

"სასახლე არ განსაზღვრავს სტატუსს, ეს გადაწყვეტილება მისი მისაღებია. ინსტიტუცია არ არის შენობა, ინსტიტუცია არის ლეგიტიმური, არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიო ელაპარაკება. ამათ (ქართულ ოცნებას) ვინ ელაპარაკება, რომლებმაც ყველაფერი ჩაკეტეს?! როცა საუბრობენ ორხელისუფლებიანობაზე - არა, ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ ხელისუფლებაზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული"- თქვა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხთან ერთად დგას კონსტიტუციის 78-ე მუხლს იცავს.

  • კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს

"ეს არის ჩვენი კონსტიტუციური არჩევანი, პრეზიდენტი მას მედგრად იცავს, სალომე ზურაბიშვილთან დგას ყველა ოპოზიციური, პროდასავლური ძალა, რომელმაც ეს არჩევნები მოიგო. ამას ვამბობთ ხმამაღლა, დიახ, ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ და რაც "ქართულმა ოცნებამ" დაწერა, ეს არის ტყუილი"- დასძინა მან.  

მსგავსი სიახლეები