დაასანქცირეთ ივანიშვილი და ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი - ევროპის ანალიტიკური ცენტრები EU-ს
მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლებზე სასტიკი ანგარიშსწორების პასუხად, ევროპის ანალიტიკური ცენტრები ევროკავშირს "ქართული ოცნების" შეჩერებისკენ და ყველა იმ პირის დასჯისკენ მოუწოდებენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას ძირს უთხრიან.
ევროპის ანალიტიკური ცენტრები კატეგორიულად მოითხოვენ, EU-მ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და საზღვარგარეთ არსებული მისივე აქტივები გაუყინოს.
ჩვენ, როგორც ევროპელი ანალიტიკოსები, მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ "ქართული ოცნება", რომელიც საქართველოს სრულად ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ახლავე და დაისაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებაზე და კანონებზე, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მისი პარტია იღებს და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ძალადობის პოლიტიკაზე. ამიტომ მას ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს, საზღვარგარეთ კი მისი აქტივები უნდა გაიყინოს.
თუ ევროკავშირი ახლა უფრო გადამწყვეტად არ იმოქმედებს, ის დაკარგავს ყოველგვარ სანდოობას მის სამეზობლოში. თუ ევროკავშირი ვერ იმოქმედებს, ის უგზავნის სიგნალებს კრემლისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებს, რაც უფრო მეტ ძალადობას, არჩევნებზე მანიპულირებას და ავტორიტარიზმს გამოიწვევს.
როდესაც ამას ხელს უშლის მხოლოდ ერთი ავტორიტარული სახელმწიფო, მაგალითად, უნგრეთი - უბრალოდ ეს არ არის უმოქმედობის საბაბი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბერლინში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი უნდა დააყენოს". - წერია განცხადებაში.