"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს - შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

14.12.24 09:02
"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს - შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი  უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.  "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

მიხეილ ყავალაშვილმა თავი კოლეგების გინებით და დასავლეთის ლანძღვით დაგვამსახოვრა. სადავოა მისი  განათლების ხარისხი და დიპლომიც, რომელიც არსად იძებნება.  

პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს. ახალი წესის მიხედვით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 იურისტების შეფასებით დღევანდელი პროცესი არაკონსტიტუციური და უკანონოა.

პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად ხმოსნები დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ. კენჭისყრის პროცეს ერთპარტიულ პარლამენტში 14:00 საათამდე გაგრძელდება.  

არაღიარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.

ამასთან, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს - ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.

ერთპარტიულ პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის.