საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებიან (ვიდეო)
"ტვ პირველის" ექსკლუზიური კადრები რუსთაველის გამზირიდან - ვიდეოში, რომელიც "პირველების" ახალი ამბების რედაქციამ მიიღო, ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე, სადაც ხალხი "ქართული ოცნების" მიერ უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნას აპროტესტებს, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, რაც კანონით დაუშვებელია.
ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მობილიზებული პოლიციელები დღეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინ სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით იდგნენ.
იარაღიანმა პოლიციელებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ აქციაზე იარაღით იყვნენ, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ნახვის შემდეგ, არც ერთმა მათგანმა "ტვ პირველთან" საუბარი არ ისურვა.
საბოლოოდ, გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სავარაუდოდ მიიღეს ბრძანება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაებარებინათ.
სამთავრობო კვარტალი ამ დრომდე ნიღბიანი ძალოვნების ალყაშია მოქცეული. პარლამენტის ტერიტორიას გომელაურის უწყების თანამშრომლები ამაგრებენ, თავისუფლების მოედანზე ნიღბიანები ავტობუსებში ჰყავთ მობილიზებული. გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც.