ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
მას შემდეგ, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად დასვა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.
ივანიშვილი მის მიერვე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს "პრეზიდენტად არცევას" ულოცავს და ამტკიცებს, რომ "მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება".
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს.
დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში", - წერს ბიძინა ივანიშვილი.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.