"კრიზისი პოლიტიკურ საზღვრებს გასცდა" - 225-ზე მეტი ბიზნესი "ოცნებას" ულტიმატუმს უყენებს
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმი ბიზნესმაც წაუყენა. 225-ზე მეტი კომპანია მოითხოვს, ახალ წალმდე "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ახალი არჩევნები და ტყვეები ციხეებიდან გამოუშვას. ერთობლივ მიმართვაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები წერენ, რომ კრიზისი გასცდა პარტიულ პოლიტიკას, რომელიც მთელს ქვეყანას სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს.
არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას, - წერია განცხადებაში.
დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ბიზნესის მთავარი პარტნიორები სწორედ ევროპელები არიან და თუ ისინი ინვესტირებსა შეწყვეტენ, თანამშრომლების 75% უმუშევარი დარჩება. ბიზნესის წარმომადგენელი ასევე სხვა საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც მათ შორის, ლარის გაუფასურებას და მყიდველუნარიანი მოსახლეობის შემცირებას გულისხმობს.
ძირითადი პარტნიორები ჩვენი ყოველთვის იყვნენ ევროპელები ანუ ახლა მსგავსი გადაწყვეტილება ნიშნავს საერთოდ ნულიდან დაწყებას. ეკონომიკური საფრთხე არის ის, რომ ჩემი პარტნიორების ინვესტირებას შეწყვეტენ ევროპიდან. ეგ ნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, დღეს თუ დასაქმებულია ჩვენთან 1000 ადამიანი, თუ შემცირდება 4- ჯერ 75% დარჩება უმუშევარი, სავალუტო შემოდინებები არ იქნება და შესაბამისად, ჩვენ ლარს ძალიან გაუჭირდება. მყიდველუნარიანი მოსახლეობის ოჯახების რაოდენობა შემცირდება. ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში ტარდება ხოლმე რიგგარეშე არჩევნები, - ამბობს დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი.