ქვეყანაში კრიზისია, აუცილებელია ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება - ქეთი თურაზაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თუარაზაშვილი ქვეყანაში შექმნულ კრიზისზე საუბრობს და გამოსავალს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებაში ხედავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს და ციხეში შეუსაბამო მუხლით ჩასვეს. ამასთან, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.
სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის შემობრუნება, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ძალადობაზე, - აცხადებს თურაზაშვილი.
რაც ალეკოს გარშემო მოხდა, ამას დაკავებასაც ვერ ვუწოდებ, რადგან ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს იყო ბანდის მიერ ადამიანის გატაცება, რასაც მოჰყვა ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ უკვე არაერთხელ იძალადა ფიზიკურად ალეკო ელისაშვილზე.
ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ მარტის აქციების პერიოდი, როდესაც მას დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი გაუსწორდა კომიტეტის სხდომის დროს. შემდეგ, 17 აპრილს, აქციაზე პოლიციამ მოუწყო კორიდორი და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ნეკნი ჰქონდა გატეხილი და სახეზეც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მაშინ საპარლამენტო იმუნიტეტმა ვერ დაიცვა პარლამენტის დეპუტატი.
ივანიშვილის დაპირებული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ ქაოსი, ძალადობა, საზოგადოების გახლეჩა. სასამართლოებში ასამართლებენ და ჯარიმებს უწესებენ ძალიან ჯანსაღ, თავისუფალ, ნიჭიერ ახალგაზრდებს, ამის ფონზე კი აქციის მონაწილეებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის დასჯილი, არცერთი მოძალადის მიმართ საქმე არ არის აღძრული. ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება, რის განსამუხტადაც აუცილებელია ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა პატიმრის გათავისუფლება. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის შემობრუნება, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ძალადობაზე.
გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალა არჩევნები,- აცხადებს ქეთევან თურზაშვილი.