“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიმართულია სახელმწიფოს ყველა ფუნდამენტის გასანადგურებლად - სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიმართულია ქართული სახელმწიფოს ყველა ფუნდამენტის გასანადგურებლად.
სამადაშვილის თქმით, “არალეგიტიმურმა პარლამენტმა ახალი კანონპროექტით ამჯერად იერიში მიიტანა საჯარო მოხელეებზე.“
ივანიშვილის დე ფაქტო რეჟიმი, რომელმაც 26 ოქტომბერს რუსული სპეცოპერაციით საქართველოში ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, ყოველდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ ინიციატივებს ავლენს ქართული სახელმწიფოს ყველა ფუნდამენტის გასანადგურებლად. არალეგიტიმურმა პარლამენტმა ახალი კანონპროექტით ამჯერად იერიში მიიტანა საჯარო მოხელეებზე.
მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, ახალი რუსული სპეცოპერაციის ამოცანა რა არის: ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, პირველ რიგში უქმდება მთელ რიგ თანამდებობებზე კონკურსის გავლის და საჯარო მოხელის სერთიფიკატის წარდგენის მოთხოვნა. მარტივდება საჯარო მოსამსახურეების უსაფუძვლოდ და ერთპიროვნულად გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ის მთავარი შუა რგოლი მენეჯმენტის, რომელიც ამუშავებს ფაქტობრივად მთელ სისტემას, ამ პოზიციაზე თანამდებობიდან შეუძლია ვისაც მოუნდება გააგდოს, უწყების ხელმძღვანელს და საიდანაც უნდა მოიყვანოს შესაბამისი კადრი, რომელსაც ასევე ახალი კანონმდებლობით არ მოეთხოვება არამხოლოდ საჯარო მოხელის სერთიფიკატის წარდგენა, არამედ არ მოეთხოვება სახელმწიფო ენის ცოდნა.
ეს პროცესი სრულ პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარებს საჯარო სექტორს, ამასთან, ამზადებენ საფუძველს, დასავლეთში გადამზადებული, ყველა კვალიფიციური კადრისგან გაწმინდონ სისტემა, რადგან რუსეთის შემდეგი სამიზნე ეს არის, ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი ქართული სახელმწიფოსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 79 ხმით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო.
ცვლილებების მიხედვით:
- ხელმძღვანელს, პირადი შეფასების საფუძველზე, შეუძლია საჯარო მოხელის ხელფასის 20% ნახევარი წლით დააკავოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა პირმა, შესაძლოა, სასამართლოს გზით განაცდური ვეღარ აიღოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის დაკმაყოფილება არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენას.
- ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებით, საჯარო მოხელე აღარ იქნება მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებული.
- თანამდებობის პირის ან დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომამ ან გათავისუფლებამ, შესაძლოა, დასაქმებულის გათავისუფლებაც გამოიწვიოს.