"ქართული ოცნება" უკან იხევს - მმართველმა პარტიამ პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გათავისუფლება დაიწყო
რეჟიმი უკან იხევს - სანქციების შედეგები სახეზეა. ოლიგარქმა პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გათავისუფლება დაიწყო. პირველი, ვინც დღეს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი გაათავისუფლეს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იყო.
რა შეიცვალა 10 დღეში, რის გამოც პროკურატურამ სასამართლოს ალეკო ელისაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა?! - მიზეზი სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა მოსამართლესთან ვერ დაასაბუთეს. პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ ტყვეების გათავისუფლება ივანიშვილის გუნდს მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა და ხალხის უწყვეტმა პროტესტმა აიძულა.
პროკურატურის შუამდგომლობით დღეს საპატიმრო დატოვა არასრულწლოვანმა, რომელსაც რეჟიმი პარლამენტის დაწვის მცდელობას ედავება. სასამართლომ 17 წლის ახალგაზრდა მშობლის ზედამხედველობის ქვეშ, იმ პირობით გაათავისუფლა, რომ ღამით აქციებზე აღარ წავა.
პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს პარტია "დროას" წევრი, რომელიც ჩვენების მისაცემად პოლიციის შენობაში საკუთარი მანქანით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მივიდა. ნიკო ქვაცაბაია განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმის გამო აღმოჩნდა, რომ ჩვენების მიცემამდე ოჯახთან და ადვოკატთან დარეკვა მოითხოვა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.