"ივანიშვილის ირგვლივ ბზარია, შსს-ში და მთავრობაში უთანხმოება არსებობს" - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში არსებობს გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება, რაც ზურაბიშვილის განმარტებითვე, "ქართული ოცნების" რეჟიმის უკან დახევას განაპირობებს.
"ივანიშვილის ირგვლივ არის ბზარი, რომელიც გამოჩნდება" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტიის დამარცხების ერთ-ერთ მთავარ გასაღებად სწორედ უწყვეტი პროტესტი მიაჩნია.
ივანიშვილის ირგვლივ არის ბზარი, რომელიც გამოჩნდება. დღეს აღარ არიან სამართალდამცველები და გამოუშვეს ტიტუშკები. ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ შინაგან განწყობაში არის ბზარები, უთანხმოება. შიდა სამზარეულოში, მათ შორის, ალბათ, მთავრობაშიც სხვადასხვა პოზიციებია. ჩვენ გარედან როცა ვუყურებთ, გვგონია, რომ სიწყნარეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შიგნით დიდი სხვაობაა. ჩემი აზრით, ნაძვის ხის საკითხზე უთანხმოება იყო და უკან დაიხიეს. ეს არის ნიშანი, რომ შეგვიძლია, უკან დავახევინოთ", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.