ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი "ოცნების” მმართველობის პირობებში სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა - გალდავა

17.12.24 13:46
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი "ოცნების” მმართველობის პირობებში სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა - გალდავა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი "ოცნების” მმართველობის პირობებში სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, ახალი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებას - შეკრების თავისუფლებას, ასევე წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.

როცა ხელისუფლებას შევცვლით, განვთავისუფლდებით საბჭოთა ნარჩენებისგან, მათ შორის ამ კოდექსისგანაც, მივიღებთ ახალ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” - განაცხადა ლანა გალდავამ. 

საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს მდგარი ქართველი ხალხის ჯანსაღი პროტესტით გაბრაზებულმა ,,ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა პარლამენტმა, სასწრაფო წესით, ცვლილებები შეიტანა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომელიც დიდწილად ეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
 
სიმბოლურია, რომ მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის კვლავ გამოიყენეს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, რომელიც ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ბევრად უფრო გაუარესდა, ვიდრე თავდაპირველი ვერსია იყო და დიდწილად გადაიქცა სადამსჯელო მექანიზმად, განსაკუთრებით კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ.

ახალი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებას  - შეკრების თავისუფლებას, მისი სულისკვეთება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი, დისკრიმინაციული და არაპროპორციულად შემზღუდველი.
 
ზემოაღნიშნული ცვლილებებით უფლებამოსილება უფართოვდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს როგორც დაკავების, პირადი შემოწმების, საბუთების და ნივთების შემოწმება-ჩამორთმევის, სასამართლოში ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის, შეკრების ორგანიზატორად პირის განსაზღვრის და ა.შ. ქმედებებისთვის, ისევე როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის და ჯარიმის შეფარდება, ჯარიმის ოდენობები და სხვა თანმდევი მუხლები არის ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი, პოლიტიკურად სადამსჯელო ხასიათის მატარებელი და შესაბამისად - არადემოკრატიული.
 
დაბოლოს, როცა ხელისუფლებას შევცვლით, განვთავისუფლდებით საბჭოთა ნარჩენებისგან, მათ შორის ამ კოდექსისგანაც, მივიღებთ ახალ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” და ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების - შეკრების თავისუფლების არაკანონიერად შეზღუდვას", - განაცხადა ლანა გალდავამ. 

მსგავსი სიახლეები