ჩამოვიტანე მთელი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია - ანა დოლიძე ჰააგაში შეხვედრებს მართავს
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებებთან დაკავშირებით ჰააგაში შეხვედრებს მართავს.
ჩამოვედი და ჩამოვიტანე მთელი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია - ამბობს ანა დოლიძე.
ოპოზიციონერის თქმით, მას შეხვედრა ჰქონდა იმ განყოფილებასთან, რომელიც წინასწარ აგროვებს ინფორმაციას და წყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება.
“მოგესალმებით ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით. მე თქვენ დაგპირდით, რომ ყველა ძალას მოვახმარ, ჩემს კონტაქტებს, ჩემს გამოცდილებას, ჩემს ცოდნას, სამუდამოდ დასრულდეს ძალადობის კულტურა პოლიციაში, რომლის ნაწილი გადააქციეს მილიციად და რომელმაც ნოემბრის დასასრულს, დეკემბრის დასაწყისში გამოიყენა სრულიად დაუშვებელი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ. ამას მოყვა სანქციები, სანქციები არის პოლიტიკური ზომა, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება სამართლებრივი შედეგები. საერთაშორისო სამართალში ის ზომები, რაც იყო გამოყენებული აქციებზე არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ჩამოვედი და ჩამოვიტანე მთელი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია, რაც არის დევნა თბილისის ქუჩებში, ალყა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გაზის კაფსულების გამოყენება გაფრთხილების გარეშე, წამება და არაადამიანური მოპყრობა. სწორედ ასეთ დანაშაულებს იძიებს ჰააგის ტრიბუნალი. შეხვედრა მქონდა იმ განყოფილებასთან, რომელიც წინასწარ აგროვებს ინფორმაციას და წყვეტს დაიწყოს თუ არა გამოძიება. მათ მე ეს ინფორმაცია გადავეცი. ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია, ის ჩაგვრა არავის შერჩებათ” - განაცხადა ანა დოლიძემ.