ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს - ზურაბ ჯაფარიძე
"ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს", - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე თქვა. ჯაფარიძის თქმით, ამერიკაშიც, ბრიუსელშიც და ევროკავშირშიც დაიღალნენ საქართველოს პრობლემებით.
ბუნებრივია, რომ თუ დასავლურ კურსზე ამ ქვეყანაში რომელიმე მთავრობა ამბობს უარს, მისი ბუნებრივი მოკავშირე ხდება რუსეთი. ეს არის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. ამ საფრთხეს ემატება ის, რომ დასავლეთში, ამერიკაშიც, ბრიუსელშიც და ევროკავშირშიც დაიღალნენ უკვე ჩვენი პრობლემებით. ეს არის რეალობა, ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს.
2 ოქტომბერს ეს არის გადასაწყვეტი. მესმის, რომ ფორმალურად ეს არის ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არჩევნები ბუნებრივად იქცა რეფერენდუმად საით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვიძლია, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული უამრავი განსხვავებისა, ვცდილობთ, ვთანამშრომლობთ, ვლაპარაკობთ, ვათანხმებთ ერთმანეთთან რაღაცებს და ამ თანამშრომლობის ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარობის ნაწილში. 2 ოქტომბერს ყველა მივდივართ რეფერენდუმზე“, - თქვა ჯაფარიძემ.