“მანქანასთან რომ მიმაახლოვეს დამიწყეს მაგარი ცემა, 10 კაცი ერთდროულად მირტყამდა“ - ელისაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, გადაცემა “რეაქციაში“ დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციელების სისასტიკეზე საუბრობს, რომელიც გომელაურის რაზმებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს.
ელისაშვილის თქმით, პოლიციის იმიჯი მიწასთან გაასწორეს და გამომძიებლისგან შეიტყო, რომ მათ დაკავებულების 80 პროცენტს საფულეებს, მობილურებს და ფეხსაცემელებსაც კი ჰპარავდნენ.
ოპოზიციის შეხვედრაზე ვიყავი, ვგრძნობდი, რომ დაჭერას მიპირებდნენ, რადგან წინა დღეს იყო თვალთვალი, რომ გამოვედი, იმ წამსვე მეცა 10 კაცი და დაიწყეს ყვირილი, წააქციე, წააქციეო. მანქანასთან რომ მიმაახლოვეს დამიწყეს მაგარი ცემა, 10 კაცი ერთდროულად მირტყამდა. ყველაზე ამაზრზენი იცი რა არის? როცა პოლიციის შეყვარება და პატივისცემა დავიწყეთ, მიწასთან გაასწორეს მათი იმიჯი. ესენი გადააქციეს სადისტებად, წლები დასჭირდება, რომ მათ იმიჯი აღიდგინონ. ესენი მარადიორები არიან.
რომ ჩამტენეს მანქანაში, ორი ტიპი შემოხტა და დაიწყეს საფულის და ტელეფონის ძებნა. მე ესენი არ მქონდა, რადგან შეხვედრაზე დავტოვე. რატომ არ გაქვსო, მერე მაგაზე მირტყამდნენ.
ორი დღე დუშეთის იზოლატორში ვიყავი, სადაც მოვიდა გამომძიებელი, მან მითხრა, რომ დაკავებულების 90 პროცენტს საფულე, ტელეფონები და ფეხსაცმელებიც კი მოპარეს“, - ამბობს ელისაშვილი.