"სამარცხვინო ტყუილი" - დიმისტრი ცქიტიშვილი კობახიძის განცხადებაზე
გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მსგავსი ტყუილებით ხელისუფლება საკუთარ ამომრჩევლებს კვებავს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ქმედება მაინც არაფერს შეცვლის, რადგან ევროკავშირში "ოცნების" ლიდერებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ერთადერთი, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, არის უნგრეთი. ყველა დანარჩენი არის პოზიციაზე, როგორიც იყო საბოლოო გადაწყვეტილება. ეს არის ტყუილები იმისთვის, რომ ვიღაცეებს მოატყუონ ქვეყანაში და არ ვიცი, ამაზე სამარცხვინო რა შეიძლება იყო. ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ ეს კომუნიკაცია როგორ არის, უკვე საჯაროა X პლატფორმაზეა და სხვადასხვა ოფიციალური პირების ამხელენ ქართულ ხელისუფლებას მარტივ, პრიმიტიულ, ბავშვურ ტყუილში. ალბათ უნდათ, თავის მხარდამჭერებში მითი გაამყარონ, თითქოს ევროპაში მხარდამჭერები ჰყავთ, თითქოს არც ისეა სიტუაცია, როგორც ჩანს და ა.შ. საბოლოო ჯამში, არაფრის მომტანი ეს არ არის. რეალურად ვერაფერს შეცვლიან, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები მიღებულია. ამ გადაწყვეტილებებს ექნება ძალიან კონკრეტული გამოხატულებები, იმიტომ, რომ კონკრეტული ტექნიკური ჯგუფი დაადგენს უკვე სახელობითად ვის შეეხება ეს სავიზო შეზღუდვები და ვის არ შეეხება, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ირაკლი კობახიძე მთელი მსოფლიოს დასანახად ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა ტყუილში ამხილეს. გუშინ დილით ოლიგარქის პრემიერმა გაავრცელა განცხადება, თითქოს ეს სამი ქვეყნა ევროკავშირის სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმის პოზიციებს იცავდა. პრემიერის ტყუილით შოკირებულმა ჯერ რუმინეთმა, შემდეგ იტალიამ და ესპანეთმა კი კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.