მესამე სექტორი ცრუ მოწმე პოლიციელების სიას ასაჯაროებს

18.12.24 16:14
მესამე სექტორი ცრუ მოწმე პოლიციელების სიას ასაჯაროებს

ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან - კოალიცია "ჩემი ხმა" ასაჯაროებს ცრუ მოწმე პოლიციელებს ვინაობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურის თქმით, პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის.

ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან

  • პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი (“იგინებოდა”, “ილანძღებოდა და გვაყენებდა „შეურაწყოფას” (შეურაცხყოფის ნაცვლად) – ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული);
  • ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად “რუსთაველის გამზირი”, ან “პარლამენტის მიმდებარედ”);
  • ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეაფასა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი ფარგლების გაცდენად პოლიციამ;
  • სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას – “იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს.” იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე;
  • მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან;
  • მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეოსათავალთავლო კამერების ჩანაწერებს;
  • მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები;
  • საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა;
  • დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყობებოდნენ;
  • მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს;
  • რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა , თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს;
  • მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის.
  • ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები დამიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში;
  • მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები.

ცრუ მოწმე  პოლიციელების სია:

  1. გიორგი ჩარექაშვილი
  2. თორნიკე მენაბდე
  3. სულხან კიკნაძე
  4. რევაზ წურწუმია
  5. ზვიად მარგველანი
  6. ზურაბ ღარიბაშვილი
  7. დავით მარუაშვილი
  8. ოთარ გელაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები