სიკვდილის ბრიგადები თბილისში და დაუსჯელი დამნაშავეები - "პირველებმა" ტიტუშკების ვინაობა გაშიფრა
„დაზიანებებში არის თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე ლოყის და საფეთქელ ქვედა ყბის არეში ღია ჭრილობა“ - ეს სამედიცინო დასკვნა ადასტურებს, რომ გიორგი ვაშაძეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, მიგზავნილმა თავდამსხმელმა მიაყენა.
ოპოზიციის ლიდერს აქციის დროს ე.წ. სპიცი სამჯერ ჩაარტყეს. "ამერიკული ჰოსპიტლის" ცნობაში აღწერილია, რომ ოპოზიციის ლიდერს, ზურგის, თავისა და სახის არეში სამი დაზიანება აქვს. გიორგი ვაშაძის თქმით, სახეზეა განზრახ მკვლელობის მცდელობა - თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი - ის ვაზისუბანში მცხოვრები 48 წლის დავით ედიშერაშვილია. რუსთაველის გამზირს ის ისე ტოვებს, რომ პოლიცია არ აკავებს. ვაშაძის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პოლიცია ღამით ადგილზე დანაშაულის იარაღის ამოსაღებადაც არ მივიდა.
ოპოზიციის შეფასებით, სპეცრაზმის ხალხს აღარ არბევს, თუმცა ხელისუფლება ახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს სიკვდილის ბრიგადებით უპირისპირდება.
ასე მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის დროსაც - პოლიციის თვალწინ ჟურნალისტს და ოპერატორს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ, ადგილზე პოლიცია არ რეაგირებდა. ბოლოს, პოლიცია იძულებული გახდა, თავდამსხმელის დაკავების იმიტაცია მოახდინა, ტიტუშკა პოლიციის მანქანაში ჩასვეს, თუმცა "პირველებმა" მოიპოვა კადრები სადაც ჩანს, რომ ხუთ წუთში პატრული ეკიპაჟმა თავდამსხმელი პარლამენტის უკან ჩამოსვა. თვითმხილველი, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო, ისმენდა საუბრის შინაარსსაც, პოლიცია ტიტუშკას ეკითხებოდა - რატომ გაიშიფრა მიტინგზე.
პირი, რომელიც ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, რუსთაველის გამზირზე თავდამსხმელთან ერთად გააადვილებდა. ტვ პირველმა მისი იდენტიფიცირება შეძლო - ის 38 წლის დავით ენუქიძეა. ინციდენტის დროს ის ამტკიცებდა,რომ რუსთაველზე ღამის 12 საათზე სალოცავად მივიდა. დღეს კი ვეღარ შეძლო იგივე მიზეზის დასახელება. პირველების ინფორმაციით, ენუქიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა - ის სამსახურიდან 2015 წელს გაუშვეს, უკან უწყებაში 2019 წელს დაბრუნდა, რომელ ძალოვან უწყებაში მუშაობს ახლა უცნობია.