"ოცნება" საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - კობახიძეს ევროპული სახელმწიფოები სიცრუის გავრცელებაში ამხელენ
ირაკლი კობახიძეს, რომლის განცხადებას ახლა ტვიტერის გვერდზე დეზინფორმაცია აწერია, სიცრუის აღიარება არ სურს. არადა, "ოცნების" ლიდერი ტყუილში, სამმა სახელმწიფომ ცალ-ცალკე და ოფიციალური განცხადებებით ამხილა. კობახიძე, მთელს საქართველოს საგანგებო ბრიფინგიდან ატყუებდა, რომ თითქოს ივანიშვილის პარტიის დასანქცირებას ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ წინააღმდეგობა გაუწია. ეს ქვეყნები კი მათ თანამოაზრედ წარმოაჩინა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. სამივე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რამდენიმე საათში დაწერეს, რომ კობახიძე ცრუობს და რეალურად, ისინი სანქცირების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ.
ტყუილში მხილებული კობახიძე ამტკიცებს, რომ ამ სამმა სახელმწიფომ ევროკომისიის სხდომაზე ერთ თქვა, საჯაროდ კი მეორე, ეს კიდევ უფრო დიდი სკანდალია.
პარტნიორებს ივანიშვილის პარტია დეზინფორმაციის გავრცელებაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. ეს მაშინ მოხდა, როცა ისინი ოცნებამ ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა; მაშინ, როცა გლობალური ომის პარტიად გამოაცხადა; როცა თქვა, რომ მათ გავლენიანი ჯგუფები მართავენ და ა.შ. თუმცა ოფიციალური განცხადებებით მხილება და პლატფორმა იქსზე კობახიძის სიტყვების დეზინფორმაციად მონიშვნა ურთიერთობის ახალი ეტაპია.