"საქართველოში ერთადერთი კოალიციური თვითმმართველობა, ლეგიტიმური პრეზიდენტ ზურაბიშვილის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ" - წალენჯიხის მერია

18.12.24 21:09
"საქართველოში ერთადერთი კოალიციური თვითმმართველობა, ლეგიტიმური პრეზიდენტ ზურაბიშვილის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ" - წალენჯიხის მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაციას ანიჭებს და ქვეყნის მთავარსარდლის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას მხარდაჭერას უცხადებს.

წალენჯიხის მერია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, დადგნენ საქართველოს გვერდით, რათა არ მოხდეს რუსული გავლენის გაძლიერება ქვეყანაში, რომლის ისტორიული მონაპოვარიც არის ევროპული ღირებულებები.

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნათლად წარმოაჩინა ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვრისადმი ერთგულება და დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და ევროპული გზა გვაქვს! 

ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში სახეზეა რუსული გავლენების გაძლიერება, რაც ხელს დემოკრატიის არსებობას უშლის; იზღუდება მედია და გამოხატვის თავისუფლება, ილახება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა ქართველი ხალხის ერთსულოვანი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ.

საქართველოში, ერთადერთი კოალიციური თვითმართველობა, წალენჯიხის მერიის სახით მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას და ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ქვეყნისათვის ურთულეს მომენტში, დადგნენ საქართველოს გვერდით, რათა არ მოხდეს რუსული გავლენის გაძლიერება ქვეყანაში, რომლის ისტორიული მონაპოვარიც არის ევროპული ღირებულებები". - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები