"ბერსეს ვიზიტს "ოცნება" პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს... თითქოს, EU-ს ქვეყნები მათ ლეგიტიმურობას ცნობენ" - კოალიცია "ცვლილებისთვის"
საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ჩამოსვლას კოალიცია "ცვლილებებისთვის" განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ "სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს ბერსეს ვიზიტით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა სურთ, თითქოს, ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას".
ოპოზიციური გაერთიანების ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ "ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის წინააღმდეგ".
ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ "ქართული ოცნების" ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.
სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს ქართული ოცნება თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.
მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით", - წერია განცხადებაში.