ვაშაძე: "ცნობილია თავდამსხმელის სახელი და გვარი, არსებობს მტკიცებულებები - რატომ არ აკავებენ ამ ადამიანს?!"

19.12.24 00:16
ვაშაძე: "ცნობილია თავდამსხმელის სახელი და გვარი, არსებობს მტკიცებულებები - რატომ არ აკავებენ ამ ადამიანს?!"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელსაც 18 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე მოულოდნელად თავს დაესხნენ, ძალოვან სტრუქტურებს უნდობლობას უცხადებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ მიუხედავად ძალადობიდან 24 საათის გასვლისა, ამ დრომდე გამოძიება მტკიცებულებებით არ დაინტერესებულა - "მტკიცებულებები ისევ ჩემთან არის".

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "კრიმინალური ბანდები სამართალდამცავ უწყებებთან შეთანხმებით მოქმედებენ და ე.წ. ტიტუშკებს მწვანეს უნთებენ".

არასერიოზულია ვიკითხოთ, საქართველოში არსებობს თუ არა ძალოვანი სტრუქტურა. სამწუხაროდ, კრიმინალური ბანდები მოქმედებენ სამართალდამცავ უწყებებთან შეთანხმებით. ფაქტობრივად, პირდაპირ კორიდორს უკეთებენ და იცავენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც ყველაფერი აქვს ორგანიზებული და რომელიც ცდილობს, რომ ამით რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება.

მტკიცებულებები ისევ ჩემთან არის. ის სახრახნისი, რომლის დარტყმაც უნდოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება. ეს არის კონკრეტული სიტუაცია, რომელიც დღეს აქვს ქვეყანაში შექმნილი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მტკიცებულებები ყველაფერი შეგროვებულია.

ტელეკომპანია ''ფორმულამ'' ნახე კიდევაც, რომ თავისუფალია ეს ადამიანი და მოძრაობს. მწვანე შუქს უნთებენ "ტიტუშკებს", რომ იძალადონ და ამას პირდაპირი წახალისება აქვს ურცხვად. დღეს ვოლსკი გამოვიდა, ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე ამ რეჟიმის და თურმე შეიძლება, ჩვენს მიერ არის ეს პროვოკაცია ინსცენირებული.

მე მარტივ რამეს ვამბობ, ის ადამიანი ჩვენ დავაფიქსირეთ პირდაპირ ეთერში, სახელი და გვარი ცნობილია, ვიცით სად არის, ცნობილია ყველაფერი. რატომ არ აკავებენ ამ ადამიანს'', - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 18 დეკემბერს, საპროტესო აქციაზე თავს დაესხნენ.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ. ტიტუშკა მისთვის სახრახნისის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები