ხაზარაძე: მინდა მოვუწოდო ბიზნესს, გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ

19.12.24 00:40
ხაზარაძე: მინდა მოვუწოდო ბიზნესს, გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2-საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭიროა, ყველამ თავისი საწარმო დროებით გააჩეროს და ქუჩაში გამოვიდეს. 

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ბიზნეს სექტორის გაფიცვა გამაფრთხილებელი და დამაფიქრებელი სიგნალი იქნება ხელისუფლებისთვის. 

2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს, ეს არ არის უბრალო გაერთიანება - ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა - თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!

აქვე, პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.

ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ!

ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ, რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს.

მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები