ხელისუფლება ვალდებულია, ბიზნესს მოუსმინოს - ზვიად ჭუმბურიძე კრიზისიდან გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს
ხელისუფლება ვალდებულია, ბიზნესს მოუსმინოს - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში ბიზნესი ერთიანია.
ჭუმბურიძე ხელისუფლებას საკუთარ პასუხისმგებლობას ახსენებს და ამბობს, რომ რაც უფრო ადრე შესრულდება ორი ფუნდამენტური მოთხოვნა, ქვეყანა უფრო მალე შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, შედეგები ძალიან მძიმე იქნება:
ბოლო 34 წლის მანძილზე, ბიზნესი ასეთი ერთიანი არ ყოფილა. ქვეყნის განმავითარებელი ძალა არის სწორედ ბიზნესი, ეკონომიკა, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, ბიზნესს მოუსმინოს. აუცილებელია, პირველ რიგში გათავისუფლდნენ დაკავებული ახალგაზრდები - ჩვენი შვილების თაობა, რომლებიც დღეს ნაცემი, ნაწვალები არიან იზოლატორებში. მეორე მოთხოვნაა, დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე აქ სირთულეს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ რაც უფრო მალე ჩავატარებთ ახალ არჩევნებს, უფრო სწრაფად გამოვალთ ამ კრიზისიდან.
ჩვენ ორი გამოწვევა გვაქვს - ერთი არის საშინაო პოლიტიკური კრიზისი და საგარეო პოლიტიკური კრიზისი რომელიც პრაქტიკულად დამანგრევლად მუშაობს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე.
შეიძლება, ეკონომიკურმა კრიზისმა პრაქტიკულად ჩამოშალოს ბიზნეს პერსპექტივა საქართველოში. პირველ რიგში ეს ხელისუფლებას და რა თქმა უნდა საზოგადოებას დაარტყამს, ყველა სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უამრავი ჯავშანი გაუქმდა, სასტუმროები ცარიელია"- თქვა ჭუმბურიძემ.
თავისუფალი ბიზნესის პროტესტი ახალ მასშტაბებზე გადის. ივანიშვილის პოლიტიკას უკვე 1000-ზე მეტი კომპანია უპირისპირდება და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას უერთდება.
მსიამოვნებს შორის არის ყველა უკანონო დაკავებული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
ამ წუთებშიც ბიზნეს-კომპანიების მოთხოვნები მუშავდება. დღეს, 13:00 საათზე კი უკვე გამოქვეყნდება საბოლოო სია და საზოგადოება გაიგებს, ვინ არჩია დუმილი და იმ რეჟიმის მხარეს დგომა, ვინც ახალგაზრდებს ქუჩებში დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.