ალენ ბერსე "გახარია საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

19.12.24 15:35
ალენ ბერსე "გახარია საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებთან აუდიენცია გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგასთან დახურულ კარს მიღმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს.

კერძოდ, დიმიტრი ცქიტიშვილის ცნობით, საუბარი საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას, წამებას და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომლითაც "ოცნება" ქვეყანაში დიქტატურას აკანონებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, იანვარში წამების კომიტეტი საქართველოში ჩამოვა და სიღრმისეულად შეისწავლის ყველა იმ ძალადობის ფაქტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ განახორციელეს. 

მთავარი თემა იყო ის, რაც ქვეყანაში ხდება. მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები სდევს. აქცენტები გავაკეთეთ იმ უკანონოდ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე იმყოფებიან საპატიმროში. ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში ავტორიტარულ დიქტატურას აკანონებს. წამების კომიტეტის ვიზიტი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიებამდე იქნება, რომელიც წამების ფაქტებს შეისწავლის და ამაზე კონკრეტული დასკვნა დაიდება", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

რაც შეეხება ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას გუნდის წევრი ოპოზიციური სპექტრის მსგავსად ამბობს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს არ გააჩნია მანდატი, რომლითაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მიანიჭებს/არ მიანიჭებს. 

მათ ამ ვიზიტს და "ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრას "ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, რომ მათი მანდატის შესახებ წასვლამდე მკაფიო განცხადებები გააკეთონ. ეს დელეგაცია არ არის ის დელეგაცია, რომელსაც რაიმე კავშირი ან მანდატი შეიძლება ჰქონდეს ვიღაცის ლეგიტიმურობის, ან არალეგიტიმურობის ცნობასთან დაკავშირებით", - ამბობს ანა ბუჩუკური. 

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან უკვე გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

ალენ ბერსემ აუდიენცია მესამე სექტორთანაც გამართა, რაც შეეხება მედიას, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი 20 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადების გაკეთებას აპირებს. 

მსგავსი სიახლეები