ვგმობთ "ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე - 17 ქვეყნის ერთობლივი განცხადება

19.12.24 17:22
ვგმობთ "ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე - 17 ქვეყნის ერთობლივი განცხადება

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ევროპის 17 სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - განცხადების ხელმომწერები ქართველ ხალზე "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას კატეგორიულად გმობენ და დემონსტრანტების უკანონო დაკავებებზე შეშფოთებას გამოხატავენ.

ევროპის 17 სახელმწიფო ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, ევროპული მომავლის მცველებზე რეპრესიები შეწყვიტოს და საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

განცხადების ხელმომწერები ქართველ ერს ევროატლანტიკური მისწრაფებების დაცვაში სოლიდარობას უცხადებენ და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

"როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ჩვენ მომავალში გამოვიკვლევთ ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში" - წერია განცხადებაში.

ჩვენი ქვეყნები სამ ათეულ წელზე მეტია მზად არიან პარტნიორობა გაუწიონ საქართველოს და ქართველ ხალხს. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს მთავრობებთან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ქართველი ბავშვების განათლების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მუდმივი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის, თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით, რათა გააჩუმოს კრიტიკოსები. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს რეპრესიული, ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მომიტინგეები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვები, რომლებიც დააკავეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. არაპროპორციული ძალის გამოყენებაში მხილებულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. 

როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ჩვენ მომავალში გამოვიკვლევთ ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - წერია განცხადებაში.

განახლება: განცხადებას რამდენიმე წუთის წინ ავსტრიაც დაემატა

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ბელგია
  2. კანადა
  3. დანია
  4. ესტონეთი
  5. ფინეთი
  6. საფრანგეთი
  7. გერმანია
  8. ლატვია
  9. ლიეტუვა
  10. ლუქსემბურგი
  11. ნორვეგია
  12. პოლონეთი
  13. რუმინეთი
  14. შვედეთი
  15. გაერთიანებული სამეფო
  16. ამერიკის შეერთებული შტატები
  17. ნიდერლანდები
  18.  ავსტრია (ხელმომწერებს მოგვიანებით დაემატა)

მსგავსი სიახლეები