ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს

19.12.24 17:39
ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთი შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

გაერთიანებული სამეფო საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერს, რომ სანქცირებულები პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე.

  • სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

„დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.

დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს”, - წერია განცხადებაში.

სანქციების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმაც ისაუბრა:

დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება. ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი”.

დღეს სანქცირებული პირები არიან:

  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  • მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად - ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას.

მსგავსი სიახლეები